აპრილში ჩვენს ბაღში რიგი ღონისძიებების ჩატარება შეგვიძლია. გაზაფხულზე ჩვენგან ყურადღებას ქოთნის ყვავილებიც ითხოვენ; როცა ღამით ტემპერატურა სტაბილურად 10 გრადუსი იქნება, მათ აივანზე ვაბინავებთ და სექტემბრის ბოლოს ისევ ოთახში ვაბრუნებთ.

რა ღონისძიებები ჩავატაროთ აპრილში, როგორ დავაფესვიანოთ ვარდის კალამი, ტალავერის გასალამაზებლად რომელი მცენარე გავაშენოთ, რა სიხშირით მოვრწყათ ყვავილები და როგორ მოვუაროთ ქოთნის მცენარეებს? – ამ და სხვა თემებზე “ინფო9”-ს ბიოლოგი, მარინა ბეთანელი ესაუბრა. 

მარინა ბეთანელი: ზოგიერთი მცენარე აუცილებლად შემოდგომაზე უნდა დაირგას. მაგალითად ბოლქვიანი მცენარეები, ტიტები, ნარცისები რომლებსაც შემოდგომაზე ვრგავთ, მიწაში იზამთრებენ და ადრე გაზაფხულზე ყვავილობენ. 20 აპრილის შემდეგ კი ხე-მცენარეებისა და ბუჩქების დარგვა უკვე შეგიძლიათ.

თქვენს მკითხველს შეუძლია, ამ თვეში ნებისმიერი ნერგი, დეკორატიული, მოყვავილე შეიძინოს და დარგას. გაფხვიერება ყველა მცენარეს სჭირდება. რაც შეეხება მორწყვას – თუ წვიმიანი ამინდებია, რასაკვირველია დამატებით მორწყვას არ საჭიროებს, მაგრამ თუ გვალვებია მაშინ წყლით დატენიანებაა საჭირო. არ დაგვავიწყდეს სარეველას მოშორება. მავნებლების საწინააღმდეგოდ გირჩევთ, ეწვიოთ მემამულეთა კავშირს (მეტრო დიდუბის წინ, ყოფილი სამთო ქიმიის შენობაში) და წამალი შეიძინოთ. 

– ეზოში რომელი მცენარე გავაშენოთ, რომ ტალავერი ლამაზი გამოვიდეს?
 რასაკვირველია, გლიცინია. მოსავლელად უმარტივესია – წელიწადში 2, 3 მეტრ ყლორტს აგდებს, ტალავერს ძალიან სწრაფად ფარავს და ორჯერ: გაზაფხულსა და შემოდგომაზე ყვავის. ნერგებიც იყიდება. ნამდვილად მშვენიერი ტალავერი გექნებათ.

– როდის დავრგოთ ჩითილები?
 ჩითილების დარგვა ჯერ ცოტა ადრეა. მართალია ამინდზეა დამოკიდებული, მაგრამ მაინც გირჩევთ, მაისში დარგოთ. 

– ზოგადად, ბაღში რომელი ყვავილის დარგვას გვირჩევთ?
 რომელი ყვავილიც თქვენ გაგიხარდებათ – ეს დამოკიდებულია ბაღის მეპატრონეზე, მის გემოვნებაზე; გააჩნია, რომელ რეგიონზეა საუბარი. აღმოსავლეთ საქართველო აბსოლუტურად სხვაა, დასავლეთ საქართველო სუბტროპიკია. გეოგრაფიული ზონის მიხედვით, თბილისი ნახევრად უდაბნოა, ამიტომ დასავლეთ საქართველოში რაც ყვავის და მთელი წელი ყვავის, ასეთ მცენარეს ჩვენს დედაქალაქში უჭირს.

დარგეთ მცენარეები რეგიონის შესაბამისად. სუბტროპიკული მცენარეები თბილისში იშვიათად ხარობს, თუ არ არის შესაბამისად დაცული ქარისგან – მას უყვარს ტენი. გაითვალისწინეთ, რომ მრავალწლიანი მოყვავილე მცენარეები ყვავილობენ გაცილებით უფრო მოკლე ხანს, ხოლო ერთწლიანი მოყვავილე მცენარეები, რომლებიც გაზაფხულზე იფესვება, დიდხანს ყვავილობენ. 

– როგორ დავაფესვიანოთ ვარდის კალამი?
 როგორც წესი, ვარდი შემოდგომასა და გაზაფხულზე ისხვლება. ჩვეულებრივ, ეზოს ვარდი, ყველა რასაც ეზოს მაკრატლით მოჭრით, მიწაში ცერად ჩაარჭეთ და დატოვეთ. როგორც წესი, 100-დან 80% ფესვიანდება. ეს რაც შეეხება, ეზოს ვარდებს, ხოლო ჰოლანდიური ვარდის დაფესვიანება საკმაოდ რთული საკითხია. 

– რას გვეტყვით ქოთნის ყვავილებზე? – საჭიროა, თუ არა გაზაფხულზე მიწის გამოცვლა და როგორ გადავრგოთ, რომ ყვავილი არ დაზიანდეს და არ მოიწყინოს?
 ყოველ წელს ყველა მცენარეს გადარგვა არ სჭირდება – ეს ესაჭიროება მხოლოდ იმ მცენარეებს, რომლებიც სწრაფად, აქტიურად იზრდებიან. ქოთნის შესაცვლელად, უნდა შეარჩიოთ, არსებულ ქოთანზე ორი თითის ზომაზე განიერი – დამერწმუნეთ, დიდი ზომის ქოთნის შეძენა უარეს შედეგს მოგცემთ, ეს შეცდომაა! როცა მცენარე გაიზარდა და უკვე დიდია, შეგიძლიათ 3-4 წელიწადში ერთხელ გადარგოთ.

მიწა არ გამოუცვალოთ მთლიანად; მხოლოდ ზედაპირი მოხსენით და ზემოდან ახალი მიწა მოაყარეთ. თუ წელიწადში ერთხელ უნივერსალურ სასუქსაც მიაშველებთ, იდეალურად იგრძნობს თავს. როგორ მივხვდეთ, რომ მცენარე გადასარგავია? – ძირში ყველა ქოთანს ნახვრეტი აქვს, შევხედოთ და თუ ფესვს დავინახავთ, მაშინ ახალი ქოთნის შეძენა მოგვიწევს. გახსოვდეთ, რაც დიდია ქოთანი, მით მეტი გამოუყენებელი მიწა რჩება და შედეგად, მცენარე ლპობას იწყებს.

ვიდრე ქოთანში მცენარეს დარგავთ, 2 სანტიმეტრის სიმაღლეზე კენჭები, ან ძველი კერამიკის ქოთნის ნამტვრევები ჩაყარეთ, რომ ნახვრეტი რაშიც წყალი უნდა გავიდეს, მიწით არ აივსოს და მორწყვისას წყალი ადვილად გავიდეს – ერთგვარი დრენაჟის ფუნქცია შევქმნათ. 

– რა სიხშირით უნდა მოვრწყათ ყვავილები გაზაფხულსა და ზაფხულში?
 როცა დაინახავთ, რომ ზედაპირი გამოშრა, მაშინვე უნდა მორწყათ. ტროპიკული, ან სუპტროპიკული მცენარე, რომელიც ოთახში გყავთ არ გამოაშროთ და უმჯობესია, ნესტიანი იყოს. ორქიდეა საერთოდაც წყლით სავსე ლამბაქში უნდა მოვათავსოთ.

სხვა მცენარეებს რაც შეეხება – კვირაში ორჯერ მორწყვა სრულიად საკმარისია. დაიხსომეთ, ზედმეტი წყალი დამღუპველია და სჯობს დააკლოთ, ვიდრე ზედმეტად მორწყათ. წყალს ფოთლებსაც აპკურებენ ხოლმე – ზაფხულში ეს პროცედურა ყველა მცენარეს სიამოვნებს, მაგრამ არა მაშინ, როცა მცენარეს მზე აცხუნებს – მორწყეთ დილით ადრე, ან მზის ჩაცვლის შემდეგ. 

– რას გვეტყვით კაქტუსზე, ოთახის პალმაზე, ბარაქის ხესა და ოთახის იაზე?
 კაქტუსი უმარტივესი მოსავლელია: სჭირდება არც ისე ნოყიერი ნიადაგი და პატარა ზომის ქოთანი. ოთახის პალმას ისევე უვლი, როგორც ოთახის სხვა მცენარეს: წყალს აპკურებ ფოთლებს, მტვერი რომ არ დაედოს ხშირად წმენდ სველი გუბკით, ან ბამბით – ეცადეთ, მიწის ზედაპირი არ გამოუშრეს.

ბარაქის ხე – რატომღაც ყველას ჰგონია, რომ რაც უფრო მეტ წყალს დაასხამს უფრო სწრაფად გაიზრდება, მაგრამ სინამდვილეში მინიმალურ წყალს მოითხოვს. გაზაფხულსა და ზაფხულში მორწყეთ თვეში ორჯერ, ზამთარში თვეში ერთხელ. თუ ზაფხულში გვალვაა თვეში სამჯერ – ოღონდ წყლის ძალიან მცირე დოზით. დაგჭირდებათ ძალიან პატარა ქოთანი. გახსოვდეთ, რომ ბარაქის ხეს წყალი თავად აქვს ფოთლებში. წარმოიდგინეთ ამის ფონზე თქვენ ხშირად რწყავთ, ზედმეტ წყალს აწვდით და შედეგად ყრის ფოთლებს და ულპება ღერო.

კიდევ ერთი უნივერსალური წესი არსებობს: რა ზომისაცაა მცენარე, იმის მესამედი უნდა იყოს ქოთანი სიმაღლეში – აი, ამ შემთხვევაში გრძნობს მცენარე თავს კომფორტულად. ბარაქის ხის შემთხვევაში კიდევ უფრო პატარა ზომის ქოთანია საჭირო, რადგანაც პატარა ფესვი აქვს. 

იას კარგი განათებული ფანჯარა უყვარს და ზემოდან არ მორწყათ – ფოთლებს წყალი არ მიაკაროთ, იმიტომ რომ ლპება. წყლიან ლამაქზე დადგით და თავად აისრუტავს. 

– როგორ მოვიქცეთ თუ რომელიმე მცენარეს ფოთლები გაუხმა?
 გამხმარი ფოთოლი უნდა მოაშოროთ. ჯერ ერთი ვიზუალურადაა უშნო და მეორეც, მცენარე ხარჯავს ენერგიას, რომ როგორმე აღადგინოს. ბასრი მაკრატლით მოჭერით. საერთოდაც, ლპობა რომ არ დაიწყოს, წინასწარ კარგად სპირტით დაამუშავეთ. 

წყარო: გაზეთი აგროკავკასია.